პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


   კითხვის უნარების გაუმჯობესება
 შემოქმედებითი წერის საშუალებით
25.05.2018

სარჩევი
შესავალი
1
თავი 1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
2
1.1.   მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
2
1.2.   პრობლემის იდენტიფიცირება
3
1.3.   მონაცემთა ანალიზი
5
1.4.   საკვლევი საკითხის აქტუალობა
5
1.5.   კვლევის მიზანი
6
1.6.   კვლევის სტრუქტურა
7
1.7.   ძირითადი დასკვნები
8
თავი II. პრაქტიკული კვლევის არსი
8
თავი III. ლიტერატურა
8
3.1. ლიტერატურის მიმოხილვა
9
თავი IV. კვლევის დიზაინი
12
4.1. საკვლევი საკითხის კითხვები
12
4.2. კვლევის სამიზნე ჯგუფი
12
4.3. კვლევის მეთოდები
13
4.4. კვლევის ვადები
14
4.5. კვლევის შედეგები
15
4.6. მონაცემების ანალიზი
15
    თავი V. ინტერვენციის აღწერა და მისი  შედეგები
17
5.1. ინტერვენცია
17
5.2. შერჩეული მეთოდები
18
  თავი VI. ინტერვენციების შეფასება
21
6.1. ინტერვენციების შეფასების მეთოდები
21
6.2. ინტერვენციის შედეგები
22
6.3. დიაგნოსტიკური ტესტირებების შედარებითი ანალიზი
24
თავი VII. მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები
26
7.1. მიგნებები
26
7.2. რეკომენდაციები
27
7.3. კვლევის ნაკლოვანებები
27
თავი VIII. დასკვნა
27
გამოყენებული ლიტერატურა
28
დანართები
29



შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს  ქალაქ ქუთაისის შპს „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში“ განხორცილებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა  ამავე სკოლის ქართულის მასწავლებელმა ინგა დარსაველიძემ ჩაატარა. კვლევის მიზანია მოსწავლეებში კითხვის უნარების გაუმჯობესება შემოქმედებითი წერის მეთოდების გამოყენებით.
კვლევა შედგება რვა თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ, პრობლემის იდენტიფიცირება, საკვლევი საკითხის აქტუალობა, კვლევის მიზანი, კვლევის სტრუქტურა და ძირითადი დასკვნები. II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს და სკოლაში მის დანერგვას. III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები კითხვის უნარების გაუმჯობესების შესახებ. IV თავი მოიცავს კვლევის დიზაინს: საკვლევი საკითხის კითხვებს, კვლევის სამიზნე ჯგუფს, კვლევის მეთოდებსა და ვადებს. V თავი ეხება კვლევის შედეგებს: მონაცემთა ანალიზს, ძირითად მიგნებებსა და ინტერვენციებს. VI თავში განხილულია ინტერვენციის მეთოდები და შეფასება. VII თავში აღწერილია კვლევის ჯგუფის რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები,  ხოლო VIII თავი დასკვნაა. კვლევის ანგარიშს თან ახლავს ბიბლიოგრაფია და დანართები

თავი I. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1.       მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
ქალაქ ქუთაისის შპს „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში“ 720 მოსწავლე სწავლობს. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა შედგება 12 მასწავლებლისაგან, მათგან ყველა უფროსი მასწავლებელია. კათედრაზე კარგი თანამშრომლობითი გარემოა. ხშირია პრობლემებზე ერთობლივი მსჯელობა, ერთობლივად შედგენილი დავალებების გამოყენება, დაკვირვების შედეგების ანალიზი. სკოლა გამოირჩევა მოსწავლეზე დიფერენცირებული სწავლების მიდგომით. შესაბამისად,  მაღალ დონეს აჩვენებს საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით (ლეპტოპები, პროექტორები, უწყვეტი ინტერნეტი), რაც საშუალებას იძლევა, ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.
  მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ მუდმივად ვზრუნავ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, კათედრაზე თანამშრომლებთან ერთად ხშირად ვიხილავ პრობლემებსა თუ წარმატებულ გამოცდილებებს  და შემდეგ, ვცდილობ, საკლასო ოთახში დავნერგო ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები, ვამდიდრებ სასწავლო პროცესს მრავალფეროვანი აქტივობებით, თუმცა, შედეგი ცხადყოფს, რომ საჭიროა მეტად ორგანიზებული, კარგად გააზრებული და თანმიმდევრული ჩარევა პროცესში, რათა მოსწავლეთა  დაინტერესება უფრო გაიზარდოს.

1.2 პრობლემის იდენტიფიცირება
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში მოსწავლეთა შედეგებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ   წიგნიერების დონე არ არის მაღალი. თავს იჩენს ხოლმე მოტივაციის კლება.  ბავშვებში  დაბალია წაკითხულის გააზრების უნარი და მწირია სასაუბრო ლექსიკა.
   სწორედ, ზემოთ აღნიშნულმა პრობლემამ მომცა ბიძგი კვლევის ამოსავალი პუნქტის აღმოსაჩენად. სასწავლო წლის დასაწყისში, დავინტერესდი, თუ რა ვითარება იყო ამ მხრივ  მერვე  კლასში. გადავწყვიტე, სექტემბერშივე  ჩამეტარებინა დიაგნოსტიკური ტესტირება, რომლის მიზანი იყო: მოსწავლის წარმატება-წარუმატებლობის მიზეზების პოვნა და დასკვნების გამოყენება მოსწავლის სუსტი მხარეების დაძლევისა და შესაძლებლობების სრულად რეალიზებისთვის.
დიაგნოსტიკურ ტესტად შევიტანე უცხო ტესტი, რომლის  შედეგების გაანალიზებამ  ცხადყო, რომ კლასში დაბალია მხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესი.  მწირია მოსწავლეთა მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა. ასევე, ღარიბია მათი ლექსიკური მარაგი.
     დიაგრამა #1


 1.4 მონაცემთა ანალიზი პრობლემის შესწავლის მიზნით გამოვიყენე მონაცემების ანალიზი, კერძოდ: მიზნობრივი შერჩევით განვიხილე განსხვავებული ხარისხით შესრულებული ტესტები. შევისწავლე  ტესტები, რომლებმაც აჩვენა მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია მხატვრული ლიტერატურის მიმართ. 10 მოსწავლიდან მხოლოდ 3 მოსწავლე იყო დაინტერესებული კლასგარეშე ლიტერატურით. უცხო ტექსტის გააზრების უნარი 10 მოსწავლიდან მხოლოდ  4 ჰქონდა და მწირი ლექსიკური მარაგით ჰქონდა მოსწავლეთა უმეტესობას. 10 მოსწავლიდან რვას.
 

1.5.       საკვლევი საკითხის აქტუალობა
   ადამიანის მკითხველად ჩამოყალიბების რთულ  გზაზე, სკოლაში პედაგოგს მიერ შერჩეულ სტრატეგიებს გადამწყვეტი როლი ენიჭება. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებთან შემოქმედებითი წერის მეთოდების ხშირი გამოყენება ხელს უწყობს უცხო ტექსტების გაგებასა და გააზრებას, უფრო სახალისოსა და შთამბეჭდავს ხდის საგაკვეთილო პროცესს და, რაც მთავარია, ამაღლებს მხატვრული ნაწარმოებების კითხვის სურვილს.
  მხატვრული ლიტერატურა მკითხველისათვის საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის წყაროს წარმოადგენს, მისი მიზანმიმართული გამოყენება კი დიდ შესაძლებლობებს ქმნის ისეთი პიროვნების აღსაზრდელად, რომელიც  „თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს უპასუხებს“. (ეროვნული სასწავლო გეგმა). მხატვრული ლიტერატურა მოსწავლეებს თვითგანვითარებისაკენ სწრაფვას უღვივებს, ეს კი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა წარმატებული პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
   საკვლევი თემა შევარჩიე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემი პრაქტიკის პრობლემა დავინახე, არამედ იმიტომაც, რომ პრობლემა ძალიან აქტუალურია. კითხვის დაბალ შედეგებს ქართველ მოსწავლეებში  საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. მუდმივად ხდება აპელირება ამ საკითხზე მასმედიით, მასწავლებელთა კონფერენციებსა თუ პირად  საუბრებში.
   წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მიერ  ( PIRLS - Progress in International Reading Literacy Study ) 2011 წლის კვლევის მონაცემების თანახმად, ქართველი მეოთხე კლასის მოსწავლეები სათანადო შედეგებს ვერ აღწევენ წაკითხული მხატვრული და ინფორმაციული ტექსტების გაგება-გააზრებაში. მსოფლიოს 45 ქვეყნიდან საქართველო - 34 ადგილზეა.

  აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ეროვნული სასწავლო გეგმის შემოღების შემდეგ კითხვის პრობლემები მოსწავლეებში უნდა მოგვარებულიყო, რადგან სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული გახდა და სასწავლო პროცესის ცენტრში მოსწავლე მოექცა თავისი უნარებითა და შესაძლებლობებით. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებულ დიფერენცირებულ დავალებებს გვთავაზობს თანამედროვე მიდგომები. თუმცა, საკითხი მაინც სწავლების აქილევსის ქუსლია და ეს თემა მუდმივად განიხილება  პროფესიულ შეხვედრებზე. ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკითხი მეტად აქტუალურია.

1.6.       კვლევის მიზანი
   პროექტის მიზანია, შემოქმედებითი წერის მეთოდების გამოყენებით მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
კერძოდ, ქართულის სწავლებისას მხატვრული ლიტერატურის კითხვის დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა, ანალიზი და მისი გამოსწორების გზების ძიება. მრავალფეროვანი შემოქმედებითი მეთოდებისა გამოყენების შედეგად მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაციის გაუჯობესება.  გაზომვა,  რამდენად გაიზრდება  მოსწავლეთა მოტივაცია და დაინტერესება. 
მნიშვნელოვანია,  კვლევის ფარგლებში  მოვიძიო ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე გააზრებული კითხვის უნარების  ზრდის საშუალებები, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს არსებული ლიტერატურის დეტალურ დამუშავებას საკვლევ საკითხთან დაკავშირებით.
ინტერვენციების დასახვა  და  გამოყენებული ინტერვენციების შედეგების შეფასება.

1.7.       კვლევის სტრუქტურა
პროექტის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
  1. რა იწვევს მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის დაბალ მოტივაციას?
  2. როგორ შეიძლება მოსწავლეთა პროვოცირება კითხვის უნარების გასააქტიურებლად?
  3. ყველაზე ეფექტურად რომელი აქტივობები და სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეებში კითხვის უნარების განსავითარებლად?
  4. დამეხმარება თუ არა შემოქმედებითი წერის მეთოდები მოსწავლეებში კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად?
  5. შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება ყველაზე უკეთ მოსწავლეთა პროგრესის გასაზომად?
  6. რამდენად არიან ჩართული მშობლები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში?

1.8.       ძირითადი დასკვნები
რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს. მკვლევარის აზრით იკვეთება რამდენიმე ფაქტორი:
  1. კითხვის პრობლემები, რაც გამოიხატება საბაზო საფეხურზე გაძნელებული კითხვით. მოსწავლეებს, რომელთაც მეოთხე კლასამდე სათანადოდ არ განუვითარდათ კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება მომდევნო კლასებში.
  2.  მექანიკური კითხვა - შინაარსის ვერ გაგება და  წაკითხულიდან აზრის ვერ გამოტანა  წიგნიერების ამაღლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.  პირველ რიგში, მოსწავლეს უნდა დავაძლევინოთ ამოკითხვის სირთულეები და შემდეგ ვიზრუნო მისთვის მხატვრული ლიტერატურის სიყვარულის გაღვიძებაზე.
  3. სწავლების პროცესის არადიფერენცირებულად წარმართვა აძნელებს განსხვავებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა განსხვავებულად სწავლებას. მოსწავლეზე ორიენტირებული  გარემოს შექმნას.
  4. ქართული ლიტერატურის გაკვეთილები ხშირ შემთხვევაში ერთფეროვანია, მხატვრული ტექსტების დამუშავება, ძირითადად, ერთგვარი მეთოდებით მიმდინარეობს,  რაც ხელს უშლის მოსწავლეებში დაინტერესების ზრდას.

თავი II.  პრაქტიკული კვლევის არსი
 პრაქტიკული კვლევა ჩვეულებრივი ტრადიციული კვლევისაგან განსხვავებით გულისხმობს ინტერვენციების განხორციელებას, შემდეგ მათ შეფასებასა და რეკომენდაციების შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული კვლევა ბუნებრივ ანუ მასწავლებლისათვის ჩვეულებრივ სამუშაო გარემოში ხორციელდება. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ამოსავალი წერტილია სამუშაოს დროს სწავლებისას წარმოქმნილი პრობლემები და მისი ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ ანალიზისას მოსწავლეთა მიღწევები მთავარი საკვლევი თემაა. კონკრეტულ შემთხვევაში წიგნიერების დაბალი ხარისხი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. ძალიან საინტერესოა ამ კუთხით ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების კვლევებისა და მოსაზრებების გაცნობა, ასევე წარმატებული კოლეგების გამოცდილების გაზიარება, რათა კვლევა წარიმართოს სწორად და არ ავცდეთ მიზანს. კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები ძირითადად თვისობრივია, თუმცა გამოყენებული ანკეტირება რაოდენობრივი კვლევის მეთოდს მიეკუთვნება. მონაცემთა ერთობლიობის ანალიზისა და დამუშავების შემდეგ პრაქტიკული კვლევის მნიშვნელოვანი ეტაპი ხორციელდება და ესაა ინტერვენციები. მასწავლებელი ერევა პროცესში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. თუმცა, ესეც არაა ბოლო ეტაპი, აუცილებელია გაანალიზდეს მეორადი მონაცემები, ანუ ის შედეგები, რასაც განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მივაღწიეთ. შემუშავდეს რეკომენდაციები, შეჯამდეს პროცესი და დაიწეროს დასკვნა, რომელიც თავის მხრივ ახალი საკვლევი საკითხის ჩამოყალიბებაში მოგვეხმარება. და ბოლოს, გამოცდილების გაზიარება სასკოლო სივრცეში აუცილებელია კვლევის შედეგების გასაცნობად.
თავი III. ლიტერატურა
3.1. ლიტერატურის მიმოხილვა
   ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვხედავთ, რომ წიგნიერება პირველ ადგილზეა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტნციათა შორის. წიგნიერება  ვიწრო გაგებით  ნიშნავს კითხვისა და წერის ცოდნას, ფართო გაგებით, იგი მოიცავს მრავალფეროვანი ჟანრის, სტილის, თემატიკის ტექსტების შექმნას, განხილვას, გადამუშავებასა და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების უნარებს. ეფექტური კითხვა,  თავის მხრივ,  გულისხმობს კითხვის ტექნიკის გაწაფვას და წაკითხულის კრიტიკულად გააზრებას.
როგორც კვლევები ცხადყოფს, ზოგადი განათლების სხვადასხვა  საფეხურზე, ასევე უმაღლესი განათლების საფეხურზე უკეთესი მიღწევები აქვთ იმ მოსწავლეებს/სტუდენტებს, რომელთაც დაწყებით საფეხურზე კარგად ისწავლეს კითხვა და წერა.  თავის მხრივ, მოსწავლეებს, რომელთაც მეოთხე კლასამდე არ განუვითარდათ კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება მომდევნო კლასებში.
წიგნიერების შესახებ  სავადასხვა ლიტერატურული წყაროებიდან ვრწმუნდებით, რომ კითხვის შესწავლის პროცესებზე ბევრი განსხვავებული ფაქტორი ახდენს გავლენას. განსაკუთრებით აღსანიშნავია  ამ მხრივ ადრეული განათლება. მაგალითად, მასწავლებლის წიგნში (ჯანელიძე. ლაბარტყავა . 2014 : 23) ვკითხულობთ, რომ მკვლევარები ხაზს უსვამენ წიგნთან ურთიერთობის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში. კითხვის მიმართ მოსწავლის/ადამიანის დამოკიდებულება ხშირად განპიობებულია იმით, თუ რამდენად ინტენსიურად ჰქონდა მას, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში, ნაბეჭდ მასალებთან შეხება, ანუ რამდენად ხშირად უკითხავდნენ მას უფროსები წიგნებს.
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კითხვის უნარის განვითარების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი, რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი და არასათანადო სწავლებაა.
კითხვის სწავლების პროცესებზე, რასაკვირველია, გავლენას ახდენს მოსწავლის კოგნიტური განვითარება. მარტივად რომ ვთქვად, ისინი ვინც .პიაჟეს აზრს  ეთანხმებიან, მიიჩნევენ, რომ სწავლა შედეგიანია მაშინ, თუ ის ბავშვის განვითარების დონეს შეესაბამება. ხოლო, ისინი ვინც .ვიგოტსკის თეორიას იზიარებენ, მიაჩნიათ, რომ პირიქით, სწავლა უწყობს ხელს განვითარებას.
როგორც არ უნდა იყოს, პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კლასი ერთი ჰომოგენური ჯგუფია, სადაც შედიან სხვადასხვა გამოცდილების, განვითარებისა და მიღწევების მქონე მოსწავლეები. მასწავლებელი იმგავარად უნდა წარმართავდეს სწავლებას, რომ ყოველმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს თავისი განვითარების ფარგლებში.
თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი ინდივიდუალური განვითარების  უახლოესი ზონა (. ვიგოტსკი) და მასწავლებელმა ამ  ზონის ფარგლებში უნდა გაუწიოს მათ კონსტრუქციული  დახმაარება: ბავშვის სწავლების პროცესი ჯადოსნურ შუალედში უნდა მიმდინარეობდეს, როცა სწავლა მათთვის არც მოსაწყენი იქნება და  არც ძალიან რთული(.მელიქიშვილი, 2012 : 21).
G-PRIED-ის სასწავლო-მეთოდოლოგიურ რესურსების კრებული  (კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, 2015.) სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე - დიფერენცირებული სწავლებას გვთავაზობს.
დიფერენცირებული სწავლება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების  სხვადასხვა მეთოდს მოითხოვს.  სწავლების  ამგვარი  მიდგომა წარმატებით გამოიყენება კითხვისა და წერის უნარების განვითარების პროცესში, რომლის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას გარკვეული საბაზო პრინციპები:
·          სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და გათვალისწინება.
·          მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები სწორად გადანაწილდნენ სამუშაო ჯგუფებში და თითოეულ ჯგუფს მიეცეს ადეკვატური სირთულის ტექსტები/დავალებები.
·          ყველა მოსწავლემ/ჯგუფმა  უნდა მიიღოს მიზნობრივი დახმარება  და უკუკავშირი კითხვის პროცესში და წერითი დავალებების შესრულებისას.
როგორც გამოიკვეთა,  მოსწავლის  კითხვის  უნარების  გაუმჯობესებისკენ მიმართული გზები  მისი ინდივიდუალური  საჭიროებების  შეფასებაზე გადის.
შეფასება  ეფექტური სწავლების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. კვლევები ცხადყოფს, რომ რეგულარულ  შეფასებას  მნიშვნელოვნად დიდი წვლილი შეაქვს  მოსწავლის  კითხვის უნარის გაუმჯობესებაში. ის მასწავლებელს ეხმარება განსაზღვროს მოსწავლის საჭიროებები  და  ადეკვატური ცვლილებები განახორციელოს სწავლების პროცესში.
·                     სკრინინგი - მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
·                     დიაგნოსტირება - მოსწავლის წარმატება/წარუმატებლობის მიზეზების პოვნა;
·                     პროგრესის  მონიტორინგი - სწავლება-სწავლის ეფექტურობის დადგენა, შუალედური შეფასება.
        ამრიგად, სხვადასხვა ლიტერატურის დამუშავებისას ჩემთვის ნათელი გახდა, რომ კითხვის შესწავლის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მიზეზები ინდივიდუალური და მრავალგვარია. თუმცა, სკრინინგისა და დიაგნოსტირების საფუძველზე შესაძლებელია კონკრეტული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა.

 თავი IV. კვლევის დიზაინი
4.1. საკვლევი საკითხის კითხვები
1.      რა იწვევს მხატვრული ლიტერატურის კითხვის დაბალ მოტივაციას?
2.      დამეხმარება თუ არა შემოქმედებითი წერის მეთოდები მოსწავლეებში კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად?
3.      რამდენად იზრდება მხატვრული ლიტერატურის კითხვის სურვილი მოსწავლეებში შემოქმედებითი წერის მეთოდების გამოყენებით.
4.      რომელი ჟანრის ლიტერატურის კითხვა  უფრო მოსწონთ მოსწავლეებს?
5.      რამდენად გაიზარდა მოსწავლეებში მხატვრული სახე-სიმბოლოებით აზროვნების უნარი?
6.      დაეხმარებათ თუ არა კლასგარეშე ნაწარმოებები მოსწავლეებს უკეთესად შეისწავლონ სასკოლო ლიტერატურა?
7.      რამდენად გაუადვილდებათ მოსწავლეებს  სათქმელის გადმოცემა ამა თუ იმ შემოქმედებითი მეთოდის გამოყენების დროს?
8.      გაუჩნდებათ თუ არა სურვილი  მოსწავლეებს რომელიმე მხატვრული  ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მსგავსი ჟანრის ლიტერატურის კითხვის?
9.      რამდენად უზრუნველყოფენ მშობლები შვილის დამატებითი რესურსებით სათანადოდ აღჭურვას?
10.  უქმნიან თ თუ არა მშობლები თავიანთ შვილებს კითხვისათვის შესაბამისს გარემოს?


4.2. კვლევის სამიზნე ჯგუფი
1.      სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები. სულ 10 მოსწავლე;
2.      სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  კათედრის მასწავლებლები;
3.      სკოლის მე-8  კლასის მოსწავლეების მშობლები.

4.3. კვლევის მეთოდები
კვლევაში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:
ანკეტირება - საკვლევი პრობლემის შესასწავლად კვლევის გადავწყვიტე კითხვარების მეშვეობით გამოგვეკითხა მოსწავლეთა მშობლები, ვინაიდან სამიზნე ჯგუფის მშობლების ერთობლიობა არც თუ ისე დიდია და თან პრობლემა ეხება ყველა მათგანის შვილს, თითოეული მათგანის აზრი გასათვალისწინებელია. კლასის 10 მშობლიდან  კითხვარი შეავსო 8 მშობელმა. ორი კითხვარი კვლევის ჯგუფს არ დაბრუნებია მშობლის  უარის გამო შევსებაზე. (დანართი #1)
ფოკუს-ჯგუფი  ფოკუს-ჯგუფი შედგებოდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის   მასწავლებლებისაგან. სულ 5 მასწავლებელი. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო, გაგვერკვია, თუ როგორი შედეგები აქვთ კოლეგებს მხატვრული ლიტერატურის კითხვის თვალსაზრისით სხვადასხვა კლასში და გვემსჯელა პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე. (დანართი #2)
უბრალო დაკვირვება - მოსწავლეების მიმართ გამოყენებული იყო უბრალო დაკვირვების მეთოდი, რათა დაგვენახა შემოქმედებითი წერის რომელ მეთოდებს აკეთებდნენ ხალისით, როდის იმატებდა მათი შინაგანი მოტივაცია და როდის უმჯობესდებოდა მათ შედეგები.
ინტერვიუ - სამიზნე-მერვე კლასის მოსწავლეებთან ჩავატარე ჩაღრმავებული ინტერვიუ, რათა დამედგინა კლასგარეშე ლიტერატურიდან რომელი წიგნები ჰქონდათ წაკითხული, რომელი ჟანრის ლიტერატურის კითხვა მოსწონდათ დ ამარაგებდნენ თუ არა მშობლები სასურველი ლიტერატურით. (დანართი #3)





4.4. კვლევის ვადები
აქტივობა
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი

იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
საკვლევი პრობლემის შერჩევა
X








კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X









ლიტერატურის დამუშავება
X









სკრინინგი
X









დიაგნოსტიკური ტესტირება 1
X









დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგების ანალიზი
X









კვლევის მეთოდების შერჩევა
X









კითხვარის შედგენა, დამუშავება პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების დადგენის მიზნით
X









მშობლების გამოკითხვა

X








გამოკითხვის შედეგების ანალიზი

X








ინტერვენციის დაგეგმვა-კოლეგებთან სასწავლო ჯგუფის შეხვედრა

X








ინტერვენციის განხორციელება

X
X
X

X
X
X
X

დიაგნოსტიკური ტესტირება 2









X
დიაგნოსტიკური ტესტირებების შედარებითი ანალიზი









X
პრეზენტაცია სკოლასთან, შედეგების გაცნობა








X

4.5.  კვლევის შედეგები


·         4.1 გამოკითხვის შედეგების ანალიზი
·         ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე - წინასწარ შემუშავებულ რუბრიკაზე დაყრდნობით გაკვეთილებზე ვაკვირდებოდი შემოქმედებითი წერების გავლენას მოსწავლეთა კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად. მათ მიერ ტექსტის გაგება-გააზრების უნარის მომატებას.
·         ინტერვიუ მოსწავლეებთან - დაკვირვების საფუძველზე  გამართული ინტერვიუს შედეგად  გავარკვიე, თუ როგორ აზროვნებს რისკის ჯგუფში მოხვედრილი თითოეული მოსწავლე აღნიშნული პრობლემის ირგვლივ. ჩავინიშნე მათი პრობლემები მათთან შემდგომი დიფერენცირებული მუშაობისთვის. (დანართი #3)
·         ფოკუს-ჯგუფი- მშობლებთან ჯგუფური დისკუსიის შედეგად საშუალება მომეცა მომესმინა მათი განსხვავებული აზრები საკვლევ თემასთან დაკავშირებით, დავფიქრებულიყავი მათ მოსაზრებებზე, სხვა თვალით დამენახა საკითხი, ვერბალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამომეტანა მნიშვნელოვანი დასკვნები. (დანართი #1)
·         კითხვარების შევსება მშობელთა მიერ პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასადგენად (დანართი 1)
  ათი მშობლიდან კითხვარი შეავსო რვამ.
მერვეკლასელთა მშობლების უმრავლესობამ დაადასტურა, რომ მათი შვილები კითხულობენ მხოლოდ სკოლის სახელმძღვანელოს, დანარჩენი პროცენტული მაჩვენებლები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

დიაგრამა #2


როდესაც შეკითხვა ეხებოდა  იმას, თუ რა მიაჩნიათ კითხვის დაბალი მოტივაციის  გამომწვევ სავარაუდო მიზეზად, მხოლოდ 13%-მა დაუჭირა მხარი მაღალ მოტივაციას, 58% კითხვის დაბალი მოტივაციის გამომწვევ მიზეზად თვლის მოსწავლის დონისთვის შეუსაბამო დავალებებს, 22%-ს მიაჩნია, რომ დაბალია ყურადღების  კონცენტრირების უნარი, 7%-ის აზრით კი პრობლემა  სასწავლო გარემოსა და რესურსებშია.












            დიაგრამა #3



მშობელთა გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა მოსწავლეთა კითხვის დაბალი უნარის  გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი:
1.      ერთ–ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ ის, რომ ბავშვები კითხვის უნარებს არ იღრმავებენ შინ;
2.      ოჯახებში არსებობს მოსწავლეთათვის საინტერესო წიგნების დეფიციტი ;
3.      მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია;
4.      ყურადღების კონცენტრირების უნარის დეფიციტი.

 

თავი V- ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები


5.1 ინტერვენცია
მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით დავგეგმე ინტერვენცია.
ინტერვენციის საწყის ეტაპს წარმოადგენდა სამუშაო შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგებთან,  რომელიც მიზნად ისახავდა კვლევის შედეგად შეგროვებული  მონაცემების გაზიარებას კოლეგებისთვის, დიაგნოსტიკური შეფასებების მონაცემების შესწავლასა და გაანალიზებას. კერძოდ:  პედაგოგებს უნდა განეხილათ მოსწავლეთა სწავლის შედეგები, გამოევლინათ მათი მიღწევების ძლიერი და სუსტი მხარეები, გაერკვიათ როგორც წარმატების, ასევე სირთულეების განმაპირობებელი ფაქტორები. მოეცათ რეკომენდაციები რისკის ჯგუფში მოხვედრილი მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებისთვის.
  შეხვედრას 10 პედაგოგი დაესწრო. როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმართა დისკუსია: პედაგოგები დაინტერესდნენ რისკის ჯგუფში მოხვედრილი მოსწავლეების შედეგების გამომწვევი მიზეზებით
  განვსაზღვრეთ მოკლევადიანი სასწავლო მიზნები, რომლებიც, შევეცადეთ, ყოფილიყო რეალისტურიც და მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული.
  განხილული ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით, ვიმსჯელეთ იმ სტრატეგიების შესახებ, რომელთა დახმარებითაც შევძლებ მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებას.
  სტრატეგიების შერჩევის დროს გავითვალისწინეთ როგორც ტიპური შეცდომები და სირთულეები, ასევე ცალკეული მოსწავლეები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები. ვეცადეთ, შეგვერჩია ისეთი სტრატეგიები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია ჩემს საკლასო ოთახში.

5.2. შერჩეული მეთოდები:
მონაცემთა ანალიზისა და მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროების დადგენის შემდეგ გადავწყვიტე, მნიშვნელოვანი ცვლილებები შემეტანა ჩემი სწავლების სტილში: პირველ რიგში, გავითვალისწინე ტესტირების შედეგად გამოკვეთილი მოსწავლეთა საჭიროებები, გადავწყვიტე შემოქმედებითი წერის მეთოდების საშუალებით ამემაღლებინა მათი მხატვრული ლიტერატურის  კითხვის მიმართ ინტერესი.  მათი მოტივაციის საფუძველი  შეიძლება საკუთარი ნაწერების გაუმჯობესება  გამხდარიყო.  შემოქმედებითი წერის მეთოდების გამოყენება, მიზნობრივად, თითქმის მთელი სასწავლო პროცესი გაგრძელდა.
    პირველი კლასიდან მოსწავლეებს წერის საბაზისო უნარებთან ერთად თანდათანობით უვითარდებათ წერილობით აზრის გადმოცემის, ნაწერის გადასინჯვა-გადამუშავების, სხვადასხვა საკითხზე წერით სწავლების უნარები. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ტექსტის შეთხზვა, შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერა, საკუთარი მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების წერილობით გადმოცემა,  წერის სტრატეგიების გამოყენება, გამართულად წინადადების აგება.
    ჩემი მიზანი იყო მათი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის  განვითარება, წერის სწავლება ამ ასპექტით და აქედან გამომდინარე  მოსწავლეების დაინტერესება მხატვრული ლიტერატურით. თითოეული მოსწავლე იღებდა  მიზნობრივ დახმარებასა და უკუკავშირს წერის პროცესში და მის შემდეგ.
     წიგნიერების დონის  გასაუმჯობესებლად გამოვიყენე G-pried-ის შემდეგი ეფექტური შემოქმედებითი წერის მეთოდები:
 ილუსტრაცია - მოსწავლეები ქმნიან ამბავს, მოთხრობას შეთავაზებული ილუსტრაციის მიხედვით.  მოსწავლეებს  უვითარდება წარმოსახვის და ფანტაზიის, აზრის წერილობით გადმოცემისა  და  სიუჟეტის აგებისა და მოთხრობის დაწერის უნარი.
  მოსწავლის პირადი დღიური - დღიური წერის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პირველი კლასიდანვე. ზოგ ქვეყანაში მას წერის სწავლების წამყვან საშუალებადაც კი იყენებენ. მოსწავლე უკეთ ხედავს და აცნობიერებს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს.
  ქარგები (შაბლონები) წერისთვის - ქარგების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია წერის საწყისს ეტაპზე, ან მანამ, სანამ მოსწავლე კარგად გაიწაფება სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნაში. ამ აქტივობის გამოყენება მოსწავლეებს ხეს უწყობს აზრების მობილიზებაში, აძლევს გარკვეულ მინიშნებებს და მიმართულებას უშუალოდ წერის პროცესში. მასწავლებელი იმის მიხედვით თუ რისკენ სურს მიმართოსმოსწავლის აზროვნება წერის პროცესში შეარჩევს ქარგას, ურიგებს მოსწავლეებს და აძლევს გარკვეულ დროს მის შესავსებად. მოსწავლეები გარკვეულ დროში ავსებენ ქარგას და წარუდგენენ კლასს.
   იდეები შემოქმედებითი წერისთვის - მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს რამდენიმე იდეას შემოქმედებითი წერისათვის; მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემატიკას და წერენ თავისუფალ თემას. მათ უვითარდებათ წარმოსახვის უნარი, გამოხატავენ საკუთარ ემოციას, განცდებსა და მოსაზრებებს.
  მოთხრობის ჩარჩო- მასწავლებელი  სთხოვს მოსწალეებს დაასახელონ თემა, რომელზედაც ისურვებდნენ მოთხრობის წერას. შეთავაზებული თემები იწერება დაფაზე. მასწავლებელი დაფაზე წერს შეკითხვებს. მოსწავლეები პასუხობენ წერილობით. შეკითხვები იმგვარად უნდა ყოს დალაგებული, რომ მიჰყვებოდეს მოთხრობის სიუჟეტურ ქარგას, რათა მოსწავლეს გაუადვილდეს მოკლე შინაარსის აღდგენა და წერილობით გადმოცემა.
  დაწერე მოთხრობა - მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეები შეთავაზებული ჩამონათვალიდან შეარჩევენ პერსონაჟთა თვისებებს, გარემოებებსა და პრობლემებს, აც მათ დაეხმარება მოთხრობის აგებაში. აქტივობის გამოყენება მოსწავლეებს  ხელს შეუწყობს მოთხრობის სტრუქტურული ელემენტების შერჩევასა და სინთეზირებაში. მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ დღეს მათაც, როგორც მწერლებმა, უნდა შეთხზან მოთხრობა და ამაში დასახმარებლად  მათ სთავაზობს თვისებების, გარემოებებისა და პრობლემების ნუსხას. მოსწავლეები იწყებენ იდეების გენერირებას და მოთხრობის გეგმის შედგენას ნუსხის გამოყენებით. მასწავლებლის თხოვნით რამდენიმე მოსწავლე მთელ კლასს მოკლედ გაუზიარებს მოთხრობის ზოგად მონახაზს. მოსწავლეები იწყებენ წერას. წერა მიმდინარეობს ხუთსაფეხურიანი მოდელის მიხედვით.
 ლექსიკური ერთეულებით ამბის შეთხზვა და დასათაურება
მოსწავლეები მასწავლებლის მიერ შეთავაზებული სიტყვების გამოყენებით თხზავენ ამბავს და ასათაურებენ. ამ აქტივობის გამოყენებით მოსწავლეები ივითარებენ ახალი ლექსიკური ერთეულების პრაქტიკულად გამოყენების ჩვევას და იაქტიურებენ წარმოსახვის უნარს. მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს და დაფაზე ჩამოწერს სიტყვებს. სთხოვს მოსწავლეებს ამ სიტყვების გამოყენებით შეთხზან რაიმე ამბავი და დაასათაურონ. მოსწავლეები მითითებული სიტყვების გამოყენებით, განსაზღვრულ დროში თხზავენ ამბავს და ასათაურებენ მას.
  როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა (RAFT)
 მეთოდის გამოყენება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს სიღრმისეულად გაიაზრონ ტექსტი და შექმნან ტექსტის ინტერპრეტაცია. მეთოდის დახმარებით მათ გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი წერისა და თვითგამოხატვის უნარები და საკითხის ინტერპრეტირების უნარი. მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს, რას გულისხმობს აქტივობა „რაფთ“ და დაფაზე ჩამოწერს. საწყისს ეტაპზე მასწავლებელი შეურჩევს მოსწავლეებს რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის როლს, სამიზნე აუდიტორიას, ნაწერის ფორმატსა და თემას. ყველა ელემენტის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ წერას და მუშაობის დასრულების შემდეგ რედაქტირებას უკეთებენ თავიანთ ნამუშევარს.
თავი VI. ინტერვენციების შეფასება
6.1. ინტერვენციების შეფასების მეთოდები
ინტერვენციის შეფასების მეთოდებად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
Ø  დაკვირვება, რომლის მიზანი იყო ყოველდღიურად შემეგროვებინა ინფორმაცია მოსწავლეების სწავლისა და გამოცდილების შესახებ. ტესტებიდან მიღებულ ინფორმაციას ვიყენებდი დაკვირვებიდან მიღებული ინფორმაციის სრულყოფისთვის; ვაკვირდებოდი მოსწავლეების მიერ ცოდნის დაუფლებისა და უნარების განვითარების პროცესს;
Ø  ანაწერები - გაკვეთილის მსვლელობის დროს ვინიშნავდი მნიშვნელოვან ინფორმაციას სწავლის ამა თუ იმ ასპექტის შესახებ. ამ ინფორმაციას ვიყენებდი მოსწავლეების სუსტი მხარეების გამოსავლენად, თვალს ვადევნებდი მოსწავლეთა პროგრესს.
Ø  პორტფოლიო - შევქმენი მოსწავლეთა პორტფოლიოები, რომელშიც მოვათავსეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების დაძლევის ამსახველი ნამუშევრები. შედეგად მივიღეთ მოსწავლეთა პროგრესის ამსახველი კრებული.
ინტერვენციის შეფასების მეთოდად ასევე ვიყენებდი მეტყველების აქტივობებს: 
Ø  ინტერვიუები,
Ø  საკლასო  დისკუსიები
Ø  მოსწავლის  აქტივობის  შეფასება.

6.2. ინტერვენციის შედეგები:
·         დიაგნოსტიკური ტესტი 2

 ინტერვენციების გატარების შემდეგ განმეორებითი დიაგნოსტიკური  ტესტირება ჩავატარე მე-2 სემესტრში, მაისში. ტესტირების მიზანი იყო მიღწეული შედეგების შეფასება  და შედარებითი ანალიზი.

  დიაგრამა #4


 მაისში ჩატარებულმა განმეორებითმა დიაგნოსტიკურმა ანალიზმა აჩვენა მოსწავლეთა უნარებისა და მოტივაციის გაზრდა შესრულებული ინტერვენციების შედეგად.  მხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესი გაიზარდა, ასევე მიმატა უცხო ტექსტის გააზრების დონემ, გაუმჯობესდა მოსწავლეთა  ლექსიკური მარაგი.

6.3. დიაგნოსტიკური ტესტირებების შედარებითი ანალიზი

 მაისში  ჩატარებული ტესტირების შედეგების  გათვალისწინებით, სამიზნე უნარები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
  შემოქმედებითი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია გარკვეული ჩვევების შემუშავება და ეს მოითხოვს ხანგრძლივ, მიზანმიმართულ მუშაობას, რომელიც მხოლოდ ერთ გაკვეთილზე ვერ განხორციელდება. შემოქმედებითი წერის აქტივობები, მართლაც, ზრდის მოსწავლეებში მხატვრული კითხვის მოტივაციას  და აუმჯობესებს კითხვით უნარებს. მათი გამოყენება ხელს უწყობს უცხო ტექსტების გაგებასა და გააზრებას, უფრო სახალისოსა და შთამბეჭდავს ხდის საგაკვეთილო პროცესს და, რაც მთავარია, ამაღლებს მხატვრული ნაწარმოებების კითხვის სურვილს.
   საგანგებო აქტივობების ჩატარების შემდეგ:

      შემოქმედებითი წერების შედეგად  გაუმჯობესდა კლასში უცხო ტექსტის გაგება-გააზრების დონე;
      გაუმჯობესდა   მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი.
      გაიზარდა მხატვრულ ნაწარმოებთა კითხვის მოტივაცია.
შედარებითი ანალიზი
დიაგრამა # 5



   მერვე კლასში სექტემბრისა და მაისში ჩატარებულმა  დიაგნოსტიკური ტესტის ანალიზმა აჩვენა გაუმჯობესებული შედეგი. 10 მოსწავლიდან მხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესი გაიზარდა 3 მოსწავლიდან 6 მოსწავლემდე. უცხო ტექსტის გააზრების უნარი გაუუმჯობესდა სამი მოსწავლით მეტს. მაჩვენებელი გაიზარდა  4 მოსწავლიდან 7 მოსწავლემდე. მწირი ლექსიკური მარაგი გაუუმჯობესდა სამ მოსწავლეს. რვა მოსწავლიდან შეუმცირდა სამს.
     მოსწავლეთა შედეგების გათვალისწინებით გამოვყავი განსაკუთრებულად ეფექტური სტრატეგიები და სხვა ფაქტორები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებაში.
განვსაზღვრე სამომავლო ნაბიჯები.
    რაც უმთავრესია, სექტემბრიდან მაისის ჩათვლით მოსწავლეებმა წაიკითხეს
გურამ რჩეულიშვილიგოდერძი ჩოხელი,   გურამ დოჩანაშვილის,                    ნუგზარ შატაიძისრევაზ ინანიშვილის,  ო’ჰენრის,  ჯეკ ლონდონის, სტივენ კინგისა და  დენიელ კიზი მოთხრობები.

თავი VII- მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები
7.1 მიგნებები
ინტერვენციების განხორციელების შედეგად  შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
1.      მოსწავლეები საჭიროებენ დიფერენცირებულ მიდგომას;
2.      საჭიროა მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების ხშირი გამოყენება;
3.      მოსწავლეთა კითხვის მოტივაციის ამაღლება შესაძლებელია საკუთარი ნაწერების, შეთხზული ამბების გაუმჯობესების საფუძველზე;
4.      აუცილებელია მშობელთა თანადგომა მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაციის გასაუმჯობესებლად.

7.2.  რეკომენდაციები
მერვე კლასში მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაციის  გასაუმჯობესებლად შევიმუშავე შემდეგი რეკომენდაციები:
ü  მოსწავლეებზე ყურადღებით დაკვირვება;
ü  სწავლების სტილის შეცვლა
ü  მრავალფეროვანი მეთოდები სწავლისა და ათვისების გადასამოწმებლად;
ü  იზნების გაზიარება მათთვის, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების წახალისება;
ü  სასარგებლო უკუკავშირის მიწოდება;
7.3. კვლევის ნაკლოვანებები

     კოლეგებთან პრობლემის გაზიარება -კათედრის წევრები კვლევის დასაწყისში არ მყავდა ინფორმირებული კვლევის საკითხის შესახებ. არც კვლევის პროცესში ვუზიარებდი მათ ინფორმაციას. შეხვედრის დროს ინიციატივა მათგან არ მოდიოდა და საკუთარ თავს მხოლოდ გარკვეული დავალების შემსრულებლად მოიაზრებდნენ.
მათი დაბალი ჩართულობა. ვფიქრობ, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა. უკეთესი იქნებოდა, შეხვედრამდე საკვლევი საკითხი გამეცნო კათედრისთვის და მხოლოდ კვლევაში მონაწილეობის მსურველი პედაგოგებით ჩამომეყალიბებინა ჯგუფი.
მშობელთა ჩართულობა - გარდა იმისა, რომ მშობლების გამოვკითხე, ისინი  სხვა მხრივ არ ჩამირთავს კვლევის პროცესში, რის გამოც, მათი დაინტერესება ნაკლები იყო.  კარგი იქნებოდა, თუ მშობლებს აქტიურად ჩავრთავდი კვლევის პროცესში, გავაცნობდი  დიაგნოსტიკური ტესტების პირველად და ინტერვენციების შემდგომ შედეგებს, მათთან ერთდ გავაკეთებდი ანალიზს და დავგეგმავდით სამომავლო ნაბიჯებს.




VIII თავი - დასკვნა   
პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ მე-8 კლასში მხატვრული ლიტერატურის კითხვის დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზებია ის, რომ:
1.      ბავშვები კითხვის უნარებს არ იღრმავებენ სახლში;
2.      ყველა მოსწავლესთან ხორციელდება ერთნაირი სწავლის სტილი, არ არის გათვალისწინებული თითოეული  მოსწავლის საჭიროება და შესაძლებლობა;
3.      მწირია   სასწავლო რესურსები;
4.      დაბალია მოსწავლეთა კითხვის მოტივაცია;
5.       აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო;
6.    დიაგნოსტიკური ტესტირება კითხვის უნარებისთვის ის საყრდენია, რომელიც მასწავლებელს ეხმარება მოსწავლეების განმავითარებელი შეფასების ფორმირებაში, მათი საჭიროებების გამოკვეთასა და სასწავლო პროგრამების მონიტორინგში. საბოლოოდ, ვცდილობ, მშობლებსაც გავაცნო ინფორმაცია, მივაწოდო რეკომენდაცია იმ აქტივობებზე, რომლებიც სახლშიც მარტივად შეიძლება შესრულდეს. ასეთი მიდგომით მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაცია კიდევ უფრო მეტად აუმაღლდებათ.






გამოყენებული ლიტერატურა:
·         ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე (G-pried)- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგის პროგრამა, 2013
·         ეროვნული სასწავლო გეგმა;
·         ბესელია ნინო, პაპავა პაატა. „წიგნიერება დაწყებით კლასებში“. მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. გამოცდების ეროვნული ცენტრი. თბილისი: ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, 2001.
·         სარესურსო წიგნი
·         Kelly N. Tracy and Kathy N. Headley, I Never Liked to Read or Write: A Formative Experiment on the Use of a Nonfiction-Focused Writing Workshop in a Fourth Grade Classroom, Literacy Research and Instruction52, 3, (173)



  დანართი #1


კითხვარი მშობლებისთვის
1.      კითხვის რომელი უნარი მიგაჩნიათ თქვენი შვილის საუკეთესო უნარებად/შესაძლებლობებად?
 ა) სიტყვების წაკითხვის
 ბ) ტექსტის წაკითხვის
 გ) ლექსიკური მარაგის

2.      იყენებთ თუ არა და რა ტიპის რესურსს იყენებთ შვილის კითხვის უნარების განვითარების მიმართულებით?
 ) მხოლოდ სახელმძღვანელოს

 ბ) პერიოდულად ვიძენ სხვადასხვა სახის დამატებით  კლასგარეშე საკითხავ ილუსტრირებულ წიგნებს
გ) არ ვიყენებ არცერთი ტიპის რესურსს
3.      როგორია თქვენი შვილის კითხვის მოტივაცია?
 ა) დაბალი
ბ) საშუალო
გ)მაღალი
4.      თუ თვლით, რომ თქვენს შვილს აქვს კითხვის დაბალი მოტივაცია, რა მიგაჩნიათ მის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად?
 ა) ყურადღების კონცენტრირების უნარის დეფიციტი
 ბ) მოსწავლის დონისთვის შეუსაბამო დავალებები
 გ) სასწავლო გარემო და რესურსები
5.      .როგორ ფიქრობთ აქვს თუ არა თქვენს შვილს სწავლების განსაკუთრებული მეთოდი, ხერხი, გზა, რომელიც მისთვის პრიორიტეტულია?
                     ა) დიახ          
                     ბ) არა         
                     გ) არ ვიცი     
                    დ) იყენებს მრავალფეროვან მეთოდებს
6.      .რომელ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას სახლში მეცადინეობისას?
                  ა) ზეპირს;   
                  ბ) ჩანაწერებით სწავლას 
                  გ) კლასგარეშე ლიტერატურას
7.      გქონიათ თუ არა საგნის პედაგოგებთან სწავლების სტილზე და მეთოდებზე საუბარი?
                  ა) დიახ   
                  ბ) არა   
                 გ) პასუხისგან თავს ვიკავებ
8.      როგორ ფიქრობთ არის თუ არა მოსწავლის აკადემიური შედეგების წარმატება დამოკიდებული სწორად შერჩეულ სასწავლო რესურსზე?
                    ა)დიახ    
                   ბ) არა      
                   გ) არ ვიცი






დანართი 2


ფოკუს-ჯგუფის კითხვები (მასწავლებელთათვის)

·         იყენებთ თუ არა სწავლებისას მრავალფეროვან რესურსებს?
·         რა უნარების და კომპეტენციების განვითარებაა საჭირო რომ საბაზო საფეხურზე მოიმატოს მხატვრული ლიტერატურის კითხვის სურვილმა?
·         თუ გაგიანალიზებიათ მიუღწეველი შედეგების გამომწვევი მიზეზები რეფლექსური ჩანაწერებით, სკრინინგითა და დიაგნოსტირებით?
·         რომელი ტიპის დავალებების შესრულება უფრო უჭირთ? რატომ?
·         რა ინოვაციებს სთავაზობდით?
·         რა პრობლემებს ხედავდა?
·         რომელი მიმართულების სწავლება უფრო მოსწონთ მოსწავლეებს? როგორ ფიქრობთ, რატომ?
·         ესგ-ს შედეგების/ინდიკატორების იდენტიფიცირებას თუ ახდენთ, რას მივაღწიეთ და რას ვერა?

დანართი #3
ინტერვიუ მოსწავლეებთან
1.      რომელი წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?
2.      რომელი ჟანრის ნაწარმოებების კითხვა მოგწონთ?
3.      რამდენად ხშირად კითხულობთ კლასგარეშე ლიტერატურას?
4.      ზაფხულის არდადეგებზე  საშუალოდ რამდენი წიგნი წაიკითხეთ?
5.      რამდენად ხშირად ყიდულობენ მშობლები  თქვენთვის  წიგნებს?
6.      საუბრობთ თუ არა წაკითხული წიგნების შესახებ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან?
7.      სკოლამდელ ასაკში გიკითხავდნენ თუ არა ოჯახის წევრები წიგნებს?















რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
კვლევის დასახელება: კითხვის უნარების გაუმჯობესება
შემოქმედებითი წერის საშუალებით
კლასი: მე-8
კვლევის  ორგანიზატორი:  ინგა დარსაველიძე

კვლევის განხორციელების ვადები: 2017-2018 სასწავლო წელი. სექტემბერი-მაისი;

კვლევის  მიზანი:  მერვე კლასელებთან ქართულის სწავლებისას მხატვრული ლიტერატურის კითხვის დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა, ანალიზი და მისი გამოსწორების გზების ძიება. მრავალფეროვანი შემოქმედებითი მეთოდებისა გამოყენების შედეგად მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაციის გაუჯობესება.  გაზომვა,  რამდენად გაიზრდება  მოსწავლეთა მოტივაცია და დაინტერესება. 
კვლევის ამოცანები:
  1. რა იწვევს მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის დაბალ მოტივაციას?
  2. როგორ შეიძლება მოსწავლეთა პროვოცირება კითხვის უნარების გასააქტიურებლად?
  3. ყველაზე ეფექტურად რომელი აქტივობები და სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეებში კითხვის უნარების განსავითარებლად?
  4. დამეხმარება თუ არა შემოქმედებითი წერის მეთოდები მოსწავლეებში კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად?
  5. შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება ყველაზე უკეთ მოსწავლეთა პროგრესის გასაზომად?
  6. რამდენად არიან ჩართული მშობლები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში?


კვლევის  შედეგები:
      შემოქმედებითი წერების შედეგად  გაუმჯობესდა კლასში უცხო ტექსტის გაგება-გააზრების დონე;
      გაუმჯობესდა   მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი.
      გაიზარდა მხატვრულ ნაწარმოებთა კითხვის მოტივაცია.
თვითშეფასება:
კვლევის ძლიერ მხარედ ვთვლი იმას, რომ მოსწავლეთა შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა, რითაც მიღწეული იქნა მიზანი. ეს მნიშვნელოვნად განაპირობა პრობლემის დროულად აღმოჩენამ, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენამ, კოლეგებთან თანამშრომლობამ და მათი რეკომენდაციების შემუშავებამ. საჭირო და დროულმა ინტერვენციამ, მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებამ და დიფერენცირებული მიდგომის განხორციელებამ.
კვლევის პროცესში გამოვყოფდი გასაუმჯობესებელ მხარეებსაც:
კოლეგებთან პრობლემის გაზიარება -კათედრის წევრები კვლევის დასაწყისში არ მყავდა ინფორმირებული კვლევის საკითხის შესახებ. არც კვლევის პროცესში ვუზიარებდი მათ ინფორმაციას. შეხვედრის დროს ინიციატივა მათგან არ მოდიოდა და საკუთარ თავს მხოლოდ გარკვეული დავალების შემსრულებლად მოიაზრებდნენ.
მათი დაბალი ჩართულობა. ვფიქრობ, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა. უკეთესი იქნებოდა, შეხვედრამდე საკვლევი საკითხი გამეცნო კათედრისთვის და მხოლოდ კვლევაში მონაწილეობის მსურველი პედაგოგებით ჩამომეყალიბებინა ჯგუფი.

მშობელთა ჩართულობა - გარდა იმისა, რომ მშობლების გამოკითხვა მოვახდინე, ისინი  სხვა მხრივ არ ჩამირთავს კვლევის პროცესში, რის გამოც, მათი დაინტერესება ნალები იყო.
კარგი იქნებოდა, თუ მშობლებს აქტიურად ჩავრთავდი კვლევის პროცესში, მათ გავაცნობდი დიაგნოსტიკური ტესტების პირველად და ინტერვენციების შემდგომ შედეგებს, მათთან ერთდ გავაკეთებდი ანალიზს და დავგეგმავდით სამომავლო ნაბიჯებს.
დამსწრე კოლეგის შეფასების ანალიზი:
  პრეზენტაციამ დაიმსახურა კოლეგების  მოწონება. კოლეგებმა გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები. კერძოდ, ქართულის მასწავლებელმა  ლამზირა ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ საინტერესო იყო ის აქტივობები, რომლებიც ჩატარდა და აპირებდა მის გაზიარებას სადამრიგებლო კლასში.
  ვთვლი, რომ ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო 5 თვეში კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში, მაქსიმალურად  მივაღწიეთ. მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაცია საკმაოდ ამაღლდა შემოქმედებითი წერების გამოყენებით. გაიზარდა მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი და უცხო ტექსტების გაგება-გააზრების დონე. ამ მხრივ, ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას.
რა მომცა ამ კვლევამ?
აღნიშნულმა კვლევამ მომცა საშუალება, განმევითარებინა პროფესიული უნარ-ჩვევები და გამიძლიერა სურვილი სხვა სოციალურ კვლევებში მონაწილეობის მისაღებად.
კვლევაში შეძენილ უნარებს გამოვიყენებ სწავლების სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, როგორებიცაა: სასწავლო პროგრამების შემუშავება, სწავლების მეთოდების სწორად შეფასება, კლასის მენეჯმენტის სტრატეგია, სწავლების სტრატეგია და სხვ.
ვიმედოვნებ, წინამდებარე კვლევა გარკვეულწილად დამეხმარება წინსვლაში, რათა გადავჭრა ის რთული საკითხები, რომლებსაც ვაწყდები სასწავლო პროცესში.
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში?
პრაქტიკაში გავითვალისწინებ, რომ მოსწავლეებთან თავიდანვე ჩავატარო სკრინიგი, რათა თავიდანვე  აღმოვაჩინო თითოეული მოსწავლის საჭიროება. მას მოვარგო სასწავლო მეთოდები და აქტივობები, და სასწავლო პროცესი გავხადო მოსწავლეზე ორიენტირებული.
გარდა ამისა, სწავლების პროცესში აქტიურად ჩავრთავ მშობლებს პრობლემების დასადგენად, ეფექტურად ვითანამშრომლებ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებისა და მათგან რეკომენდაციების მიღების მიზნით.
დასკვნა
 კვლევის მნიშვნელობა:
 პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც.
ინგა დარსაველიძე
25.05.2018




როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევა




როგორ ვიმუშავოთ პედაგოგიურ კვლევებზე. ნაწილი მე-2 კვლევის ანალიზი




როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე



პრაქტიკული კვლევა სკოლაში





პრაქტიკული კვლევის  ნაშრომი







რა არის პრაქტიკული კვლევა










No comments:

Post a Comment

            შემოქმედებითი   წერის უნარის განვითარება ( კვლევის ანგარიში)           სსიპ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის...